დავით ზალკალიანი - პოლონელ კოლეგასთან საუბარი მქონდა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის ესკალაციამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონსა და უსაფრთხოებაზე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც წამოყენებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა არსებული კონკრეტული პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ნდობის აღდგენასა და რეგიონში გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, იყოს განხორციელებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში.
„ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავადასტურე მზდყოფნა, თბილისი გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. ეს გზავნილი იქნება და უკვე არის მიწოდებული ჩვენი სამხრეთკავკასიელი მეზობლებისა და მეგობრების მიმართ. გუშინ მე ვუმასპინძლე ჩემს სომეხ კოლეგას. ბატონი მინისტრი საქართველოს შემდეგ გაემგზავრება ასევე ერევანსა და ბაქოში და ბუნებრივია, ლოგიკური გაგრძელება იქნება საუბარი იმ ინიციატივებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პოლონელ კოლეგასთან საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ სიტუაციას და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს დეოკუპაციის კუთხით და ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობის მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მინისტრი დღეს ეწვევა საოკუპაციო ხაზს და პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი კონსოლიდირებული საერთაშორისო მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, ამ მიმდინარე გამოწვევების ფონზე, სათანადოდ გავუმკლავდეთ ოკუპაციას. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით და კონსტრუქციული მონაწილეობით კვლავინდებურად ჟენევის მოლაპარაკების პროცესში ყველაფერი გავაკეთოთ სიტუაციის დეესკალაციისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რაც არის დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ და ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებზე, რაც არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ახალ წარმომადგენელს ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, ელჩ ვიორელ მოშანუს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის საქმიანობის დაწყებას და განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობა ეუთო-ს ფარგლებში იქნება შედეგზე ორიენტირებული.