დავით ზალკალიანი - პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში, საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს.
მისი თქმით, განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.
„ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში იქნება საუბარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია მიუღებლობა ამ საშინელი მკვლელობის და აუცილებელია, რომ ეუთო-ს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან იყოს მიღებული ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინეს” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან მიმართებით, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი განცხადებები და რეზოლუციები, რაც ბოლო დროს იქნა მიღებული, კერძოდ ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებული განცხადება, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია და ლიტვის გადაწყვეტილება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში სხვა მნიშვნელოვან თემებზეც არის საუბარი, კერძოდ, ხაზგასმულია საერთაშორისო მონიტორინგის მისიების წვდომის აუცილებლობა ამ რეგიონებზე. ასევე არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან უკან წაიღოს აღიარება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ის უკანონო ქმედებები, რაც დაკავშირებულია მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან.
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ში, სადაც რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს ვეტოს უფლებით დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, იმისათვის, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში სათანადო სიმწვავით იდგეს საქართველოს საკითხი. მეგობართა ჯგუფში შედიან აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეტი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა. ჩეხეთი ფანცხადებას წელს შეუერთდა.