დავით ზალკალიანი - პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ამ გზიდან გადახვევა დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს
პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ამ გზიდან გადახვევა დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ გავრცელდა ევროკავშირის განცხადება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტის და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა.
„რამდენიმე დღეა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ვიღებთ შეფასებებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. გუშინ გავრცელდა ევროკავშირის განცხადება. ასევე, საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტის და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა.
ყველა განცხადებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ჩვენი პარტნიორების შეფასებით, საქართველოში არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ქართველმა ხალხმა პანდემიის მიუხედავად გამოავლინა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და გააკეთა საკუთარი არჩევანი.
ევროკავშირის განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც უაღრესად საყურადღებოა ჩვენთვის. პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ამ გზიდან გადახვევა დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. განცხადებაში პირდაპირ არის აღნიშნული რომ ევროკავშირი არ ემხრობა პარლამენტის ბოიკოტს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა წარიმართოს პოლიტიკური დებატები და მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ევროკავშირი ემხრობა საერთაშორისო მისიების დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ბრიუსელის პოზიციაში ცალსახად ხაზგასმულია, რომ ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური შესაძლებლობები და გამოიკვლიოს ცალკეული პრეტენზიები. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, რათა უზრულველყოფილი იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია მეორე ტურის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობისათვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
„აშკარაა, რომ ნებისმიერი სხვა სცენარი მიუღებელია. ბრიუსელის ამ პოზიციაში ნათლად იკითხება, რომ ევროკავშირისთვის ისევე, როგორც ჩვენთვის მოვლენათა ბოიკოტის და ქუჩის დემონსტრაციების გზით განვითარება წარსულში დაბრუნება და ჩვენს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ის ასევე აზიანებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მიღწევებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობით შეძლო და 2020 წლის არჩევნები ჩაატარა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც შეუქცევადად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ დემოკრატიად ფორმირებას და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ქართულმა საზოგადოებამ ნდობის მანდატი გამოუცხადა ცხრა პარტიას.
არჩევნებისა და საპარლამენტო გზით ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების ნება ქართველმა ხალხმა გამოხატა არჩევნების დღეს და პანდემიის მიუხედავად უპრეცედენტოდ მაღალი დონის აქტივობა გამოამჟღავნა“, – განაცხადა ზალკალიანმა.