დავით ზალკალიანი - ოპონენტებს ლობისტების მეშვეობით სურდათ, ასიგნებათა კომიტეტის პროექტში დამატებითი შენიშვნების შეტანა, თუმცა ორი მაშინვე გამოირიცხა, დარჩა მხოლოდ სამი სარეკომენდაციო შენიშვნა
დავით ზალკალიანი - ოპონენტებს ლობისტების მეშვეობით სურდათ, ასიგნებათა კომიტეტის პროექტში დამატებითი შენიშვნების შეტანა, თუმცა ორი მაშინვე გამოირიცხა, დარჩა მხოლოდ სამი სარეკომენდაციო შენიშვნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ არასწორია ოპონენტების მტკიცება, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს.

როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ორი შენიშვნა მალევე გამოირიცხა და დარჩენილ სამ შენიშვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

მისივე თქმით, არანაირი შანსი იმისა, რომ ეს შესწორებები იქცეს საბოლოო კანონად, დღეს არ არის.

„კიდევ ერთ ტყუილთან გვაქვს საქმე. რეალური სურათი კი ასეთია. მოგეხსენებათ, რომ ეს საკანონმდებლო აქტი უკვე ოთხი წელია, მიიღება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დეფინიციით, მათ შორის საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარებაზე, ასევე საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაიჭერენ საქმეს, დაუწესდებათ სანქციები და ა.შ. ეს არის ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

ამ დროს რას აკეთებენ ოპონენტები? ცალკეული ლობისტური ჯგუფების საშუალებით ცდილობენ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ფორმულირების შეტანას სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. ეს არის მათი მავნებლური პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანონ ქვეყანა. იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დღეს გავიდა ინფორმაცია, მათ შორის ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამაც ძალიან დამახინჯებულად წარმოაჩინა სურათი ისე, თითქოს ამ საკანონმდებლო აქტში დღეს კიდევ დამატებები შევიდა იმ პუნქტების გარდა, რომლებზეც საუბარი იყო ორი დღის წინ. სინამდვილეში იმ ხუთი დამატებიდან, რომლის შეტანის მცდელობაც ჩვენს ოპონენტებს ლობისტების მეშვეობით სურდათ, ორი მაშინვე გამოირიცხა, რადგან პირდაპირ პოლიტიკური დანიშნულება ჰქონდა, მათ შორის ერთი, თითქოს ოლიგარქიულ მმართველობაზე და მეორე მედიასა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე. იმ კანონპროექტში დარჩა მხოლოდ სამი შენიშვნა, რომელსაც აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.

ამ კანონპროექტმა იმისთვის, რომ იქცეს კანონად, 7-8 საფეხური უნდა გაიაროს. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ საზოგადოებას ვეუბნებით, არანაირი შანსი იმისა, რომ ეს შესწორებები იქცეს საბოლოო კანონად, დღეს არ არის. ხოლო კანონპროექტში დარჩენილ შენიშვენებსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი“,- განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, შენიშვნები, რაც გაიცხრილა და აღარ არის, კანონპროექტში ვეღარ მოხვდება.

„ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.