დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გაუარესდა, სამწუხაროდ, ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის პროცესი გრძელდება
დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გაუარესდა, სამწუხაროდ, ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის პროცესი გრძელდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გაუარესდა, სამწუხაროდ, ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ზალკალიანმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის შესახებაც ისაუბრა.

„გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება. ახლაც კი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს პროცესი გრძელდება. ასევე მინდა, გავიხსენო გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევა, როდესაც ექიმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან პაციენტს სტუმრობდა, დააკავეს, რაც შემაძრწუნებელი ფაქტი იყო. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, საერთაშრისო საზოგადოების კონსოლიდაციაა, რასაც ვაკეთებთ მუდმივად, თქვენი დახმარებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ჩარჩოს გამოყენებით, ეს უნდა გავაგრძელოთ“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, უნდა გაძლიერდეს ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

„უნდა გავზარდოთ ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა – ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთანაც ასევე ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ბოლო მაგალითი არის ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონი, სადაც კიდევ ერთხელ დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპები – გადაადგილების თავისუფლება. ამ გამოწვევას ვაწყდებით ორივე რეგიონში, რომელიც არის ოკუპირებული. აფხაზეთში, გალის რაიონში, სადაც ეთნიკურ ქართველებს აიძულებენ, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ არ აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან და ეს ხდება ოცდამეერთე საუკუნეში, რაც მიუღებელია. ეს უნდა განიხილონ ყველა საერთაშორისო ფორმატში. ერთადერთი ინსტრუმენტი ამაზე საპასუხუდ არის მუდმივი საუბარი აღნიშნულ საკითხზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ არალეგალურ აქტივობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას, რათა მან გააგრძელოს ეს არალეგალური აქტივობა“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.