დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ინფორმაცია არის მცდარი
დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ინფორმაცია არის მცდარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ინფორმაცია არის მცდარი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზალკალიანი გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია, რომელსაც ზალკალიანის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოში მმართველი ხელისუფლების ოპონენტები.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან“ – განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს და განაცხადა, რომ აღნიშნულ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.

„მოგეხსენებათ, რომ შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს და წარმოადგენს, მხოლოდ ორ მხარეს – რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებაზე. ყველაფერი არის ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე და სპეკულაციები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება შეხვედრები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის.

„ჩვენ ველით, რომ მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც იქნება განხილული ყველა ტექნიკური საკითხი. საქართველოს დელეგაციაში იქნებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იქნება გაჟღერებული ამ შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფერი საერთო ამ დეზინფორმაციას არ აქვს რეალობასთან“- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანისვე განმარტებით, ამ დრომდე არ მომხდარა და არ იგეგმება ასევე ზემოაღნიშნული შეთანხმების რევიზია ან გადახედვა.

„არ მომხდარა დადებული შეთანხმების არანაირი რევიზია და არც იგეგმება. ყველაფერი ხორციელდება 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში და არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება არ განიხილება საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ – აღნიშნა მინისტრმა.

ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე ხვალ ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.