საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება მიმოიხილა. დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა კომიტეტის 1314-ე სხდომაზე, სადაც გენერალური მდივნის ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.
მიმდინარე წლის 18 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“.
დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გიგა ოთხოზორია ასევე მოკლულ იქნა საოკუპაციო ხაზთან.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებზე, რაც განიხილება როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ყურადღება ასევე გამახვილდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე, სოხუმსა და ახალგორში საბაჟო პუნქტების გახსნაზე, ეთნიკური ქართველებისათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის იძულებით გაცემაზე და სხვა.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პროცესს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა სოფელ ერედვში ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებზე. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშ დარღვევას და მიზნად ისახავენ ორივე რეგიონში ქართული კვალის ამოძირკვას.
დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ეხება მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას.
მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას.
მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ჩართულობის პოლიტიკაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„კონფლიქტი საქართველოში“ ანგარიშის განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირისა და სუამ-ის სახელით. ევროკავშირის განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მონტენეგრო, მონაკო, მოლდოვა, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.
ევროკავშირი განცხადებაში მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევებთან დაკავშირებით.
ევროკავშირი მოუწოდებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ხელისუფლებას მოხსნას ნებისმიერ სახის დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებაზე, შეწყვიტოს ადამიანების უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის კონტექსტში, აღკვეთოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ხელახლა გახსნას „გამშვები პუნქტები“ და გამოიძიოს ყველა უკანონო მოპყრობა, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს.
ევროკავშირი განსაკუთრებულ მწუხარებას გამოხატავს თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებთან, უკანონო დაკავებებთან, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან, გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისათვის დოკუმენტებთან არსებულ პრობლემასთან, საკუთრების უფლებასთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების განადაგურებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი განცხადებაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცხინვალში 22 თებერვალს სამი ქართველის დაკავების და არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის ფაქტს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გარდაცვლილის ცხედრის ნათესავებისთვის გადმოცემას არ უნდა დასჭირვებოდა ერთი თვე და ეს არ უნდა გამხდარიყო მოლაპარაკების საგანი. ევროკავშირი ეხმიანება ასევე ოთხოზორიას საქმეს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია აღნიშნული საქმეების გამოძიება.
ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ როგორც გენერალური მდივნის სამდივნოს, ისე სხვა მონიტორინგის მექანიზმებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს არ მიეცათ უფლება შესულიყვნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოუწოდებს ეფექტური კონტროლი განმახორციელებელ ხელისუფლებას უზრუნველყოს მათი შესვლა ამ რეგიონებში.
განცხადებაში ასევე ყურადღებაა გამახვილებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასთან და სამხედრო წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ასევე გმობს ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანებას ისახავს მიზნად. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადღება ასევე გამახვილებულია ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გააქტიურებაზე. განსაკუთრებულად შემაშფოთებელია საბაჟო პუნქტების გახსნის ფაქტი.
ევროკავშირი ასევე მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სხდომაზე ასევე განცხადება გაკეთდა სუამ-ის სახელით, სადაც აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაცია საგანგაშოა, რისი მტკიცებულებაც საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაა. სუამი-ის წევრი ქვეყნები ასევე მწუხარებას გამოხატავენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან, გამშვები პუნქტების დახურვასთან, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სუამ-ის დელეგაცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. სუამ-ის დელეგაცია მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირისა და სუამ-ის განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში.
მნიშვენელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით.
კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ, ანგარიშს საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.