დავით ზალკალიანი - OGP-ის სამიტის საქართველოში ჩატარება აღიარებაა იმისა, რომ ქვეყანა უაღრესად წარმატებულია ყველა მიმართულებით
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალურ სამიტის საქართველოში ჩატარება არის აღიარება იმისა, რომ საქართველო როგორც ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა, უაღრესად წარმატებულია ყველა მიმართულებით, რომელსაც ღია მმართველობა მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა იმის დასტური და აღიარებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ გზაზე მიდის.
“მნიშვნელოვანია, რომ ეს სამიტი საქართველოში იმართება. ეს ჩვენი ქვეყნის აღიარებაა. აღიარება იმისა, რომ საქართველო როგორც ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა, უაღრესად წარმატებულია ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ღია მმართველობა მოიცავს. ეს არის ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე მთავრობა, ასევე მთავრობა, რომელიც წარმატებით ებრძვის კორუფციას. სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ყველაფერი ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ხორციელდება და ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა იმის დასტური და აღიარებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით სწორ გზაზე მიდის. ჩვენ ასევე ამ რეფორმების გამზიარებლები ვართ და ფაქტი, რომ 76 ქვეყანა, რომელიც ღია მმართველობის წევრია, დღევანდელ სამიტს წარმომადგენლობითი დელეგაციებით ესწრება. ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს ნახონ ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ღია და ყოვლისმომცველი მმართველობის კუთხით ახორციელებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.