დავით ზალკალიანი - ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მომავალი წელი ძალიან დატვირთული იქნება, გვექნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში მომავალ წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა პირველი არხის კითხვაზე განაცხადა – რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება 2019 წელს ნატო-სთან ურთიერთობების გასაღრმავებლად და მომავალი წევრობისთვის.
„ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მომავალი წელი ძალიან დატვირთული იქნება. გვექნება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი. გვექნება ფართომასშტაბიანი წვრთნები. არ მინდა ჯერ დავაანონსო, მაგრამ
სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვექნება, რომლებიც ჯერ მოლაპარაკებების პროცესშია. ეს არის ნატო-ს ჩართულობის დემონსტრირება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს ყველა ერთხმად აღიარებს.
„გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მაგრამ პრაქტიკული ინტეგრაციის კუთხით საქართველოს აქვს ყველა საჭირო მექანიზმი. ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-ს ფორმატებში და ორმხრივ ფორმატებში მუშაობას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა იქნება პრიორიტეტი. ასევე გერმანიასთან, საფრანგეთთან. თავდაცვის მინისტრის ბოლო ვიზიტები საფრანგეთსა და გერმანიაში სწორედ ამაზე მიანიშნებს. მათთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.