დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მაქსიმალურად იყო გამოყენებული, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხები ალიანსის მინისტერიალზე განიხილონ
ჩემი დღევანდელი მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიაზე მაქსიმალურად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში განხილულ საკითხებს შორის იყოს ის საკითხებიც, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი და პრიორიტეტული, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ნატო-ელი პარტნიორები ვაშინგტონში იმსჯელებენ.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე ნატო-ელ პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„დღეს ნატო-ელ პარტნიორებს დეტალურად მოვუყევი რეგიონში შექმნილი სიტუაციის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ის მკვლელობები და უკანონო ქმედებები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორებზე.
გარდა ამისა, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები. მოგეხსენებათ, ბრიუსელის ბოლო სამიტზე, პაკეტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იყო მიღებული, მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ელემენტებს. ვისაუბრეთ თუ როგორ მიდის ამ კონკრეტული ელემენტების შესრულება. გარდა ამისა, ამ კონკრეტულ ელემენტებს, მუდმივად სჭირდება განახლება და კიდევ ახალი ელემენტების დამატება, ამაზე იყო საუბარი, რა ახალი ელემენტები, რა ახალი კომპონენტები შევძინოთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენს თანამშრომლობას და დღევანდელი შეხვედრა, მე ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო და ასევე იმ კონტექსტში, ამას ხაზს ვუსვამ, რომ მაქსიმალურად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხები იყოს ვაშინგტონში განხილული მინისტერიალის ფარგლებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, ნატო-სთან უპრეცედენტოდ მაღალი დონის ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს მთელი ამ კვირის განმავლობაში, რასაც საქართველოში გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ადასტურებს.
„ჩვენი დღევანდელი სხდომის პარალელურად, თბილისში მიმდინარეობს სამხედრო კომიტეტის სხდომა. დღეს გვქონდა ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც იყო მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ხდება მომავალ კვირაში დაგეგმილი არაფორმალური მინისტერიალის კონტექსტში. ის ფაქტი, რომ ამ დღეების განმავლობაში საქართველო მუდმივად განიხილება, მუდმივად არის ნატო-ს დღის წესრიგში, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველოსთან ურთიერთობა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა. საქართველოს მხრიდან ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.