დავით ზალკალიანი - მზად ვართ, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რადიო „იმედის“ ეთერში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მოქმედი ხელისუფლება პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის 2024 წელს შეტანის შესახებ გეგმებზე მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებისა და კოორდინაციის შემდეგ განაცხადა.
„ეს არ უნდა იყოს ცარიელი გასროლა, ისეთი განცხადება, რომელიც არაფერს მოგიტანს და შემდგომ მოგიწევს პასუხი, რისი მოწმეც ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ვიყავით. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები, რომ დღეს იქნება, ხვალ იქნება, თუმცა 2012 წლამდე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ხელშესახები შედეგი არ გვქონია. შედეგი სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ მოიტანა, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმებაც. ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ, რათა მივსულიყავით ამ განცხადებამდე, რომ მზად ვართ, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს ძალიან სერიოზული სამუშაო პროცესია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაციამ, ვიზალიბერალიზაციის წარმატებით შესრულებამ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაციამ მიიყვანა ქვეყანა იმ წერტილამდე, საიდანაც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება.
„სწორედ ამის შედეგად გავაკეთეთ ეს განცხადება. დრო არის ძალიან ზუსტად შერჩეული და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს ამ განაცხადს გავაკეთებთ“, – დასძინა მინისტრმა.
მინისტრი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხს. მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც შარშან საქართველოში ჩატარდა და უპრეცედენტო მასშტაბებითა და სტუმრების უმაღლესი დონით გამოირჩეოდა, პარტნიორებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველო არის ლიდერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს შორის და არის ქვეყანა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას.
„ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ გვინდა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია, ფიზიკური ინტეგრაცია შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ევროკავშირის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, საქართველოს მეტ ჩართულობას ენერგეტიკულ პროექტებში, განათლების კუთხით მეტ ჩართულობას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.