დავით ზალკალიანი - მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა კორონავირუსის საქართველოში გავრცელება არ მოხდეს
ჩვენი მისია ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად მუშაობს, რათა ვირუსის შემდგომ პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოც იყოს პროცესში ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ვირუსის საქართველოში გავრცელება არ მოხდეს.
„მთავრობა ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მოხდეს მაქსიმალური პრევენცია კორონავირუსის საქართველოში არ შემოღწევასთან დაკავშირებით. მყისიერი ზომები იქნება მიღებული ჩინეთთან დაკავშირებით. ასევე, ირანთან მიმართებაში არის ზომები მიღებული. ბუნებრივია, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ. ასევე იტალიაში ჩვენი საელჩო არის აქტიურ კომუნიკაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქაც, ჟენევაშიც გვექნება ჩვენ საუბარი. ჩვენი მისია მუშაობს ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად, რათა ის ქმედებები, რაც არის დაკავშირებული ამ ვირუსის შემდგომ პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოც იყოს ამ პროცესში ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა იმ რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე, თუკი საჭირო იქნება დამატებითი რესურსის მობილიზაცია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხდეს ამ უაღრესად მძიმე ვირუსის შეკავება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.