დავით ზალკალიანი - ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
დავით ზალკალიანი - ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამ დიასპორულ პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მისმა მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა დღეს წარადგინა.

ზალკალიანის თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენს თანამოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. ამიტომ, ეს სამი ახალი ინიციატივა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იყო, დაფუძნებულია სწორედ იმ კონსულტაციებსა და კომუნიკაციაზე, რომელიც მუდმივად გვაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან. მათი რჩევების გათვალისწინებით და ასევე წინა წელს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, განგვეახლებინა ორი პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტუალური იყო.

არის ახალი ელემენტები, თუ შარშან პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემატიკა იყო ამ პროექტის მთავარი მიმართულება, წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საქართველოს უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით, პროექტები წარმოადგინონ ახალი ინიციატივის ფარგლებში. ახალი ინიციატივა, რომელიც გასული წლების განმავლობაში არ გვქონია, ეს არის ქართული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებისთვის ფინანსური მხარდაჭერა. ეს პროგრამაც და პროექტიც მიმდინარეობს დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სწორედ ჩვენი კომუნიკაციის შედეგად. როდესაც ვიზიტები მაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში, მათ მუდმივად ვხვდები და მათი თხოვნიდან მომდინარეობს, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება გამოეჩინა ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების, ფოლკლორული ანსამბლების მიმართ.

მიხარია, რომ წლევანდელი წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებულია. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი თანამოქალაქეების დიდ მოწონებას დაიმსახურებს. იქნება შესაძლებლობა წელს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მომავალ წელსაც გავაგრძელოთ ეს კარგი პრაქტიკა. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დღეს დიასპორული პროგრამები წარადგინა. ეს პროგრამებია: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა და საგრანტო კონკურსი – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.