დავით ზალკალიანი - მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გაძლიერებულ ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად
მოუთმენლად ველით ევროკავშირის გაძლიერებულ ჩართულობას რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ევროპის დღის წესრიგში აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხი.
„ჩვენ მოწოდებული ვართ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ და მოუთმენლად ველით ევროკავშირის გაძლიერებულ ჩართულობას რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა ვუთხრა უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტისთვის. ეს ვიზიტები არის ევროკავშირის ჩართულობის და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის მტკიცე პოზიციის ძალიან კონკრეტული დემონსტრაცია. ვიმედოვნებ, ეს ვიზიტები გაზრდის ევროკავშირის პოლიტიკურ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტაში და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეწყობაში. საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის და დეფაქტო ანექსიის, ადამიანის უფლებების გაუარესების ახლანდელი კონტექსტი მიუღებელია და ჩვენ და აქტიურად უნდა წარმოვადგინოთ ევროპულ დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხი.
საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავება, რომელსაც საოკუპაციო ძალებმა ესროლეს და დაჭრეს, არის დემონსტრირება, თუ როგორ ახდენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიკურ მიზნებად გამოყენებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას. ჩვენი მხრივ, ჩვენ ერთად ვართ, რომ წინ წავიდეთ ყველა მიმართულებით, ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის სასარგებლოდ.“, – განაცხადა ზალკალიანმა.