დავით ზალკალიანი - მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა პრემიერმა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, მაისში დააყენა, როცა ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა
საქართველოს 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა მთავრობამ დღის წესრიგში დააყენა არა ახლა, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, მიმდინარე წლის მაისში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარებმა დავით ზალკალიანს მოუსმინეს.
ევროპარლამენტარმა სანდრა კალნიეტემ ისაუბრა საქართველოში 600 ათასი ადამიანისთვის დავალიანების ჩამოწერის ინიციატივის შესახებ და მიმართა დავით ზალკალიანს, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ნაბიჯი ქართულ კანონმდებლობას და რა განმარტებას გააკეთებდა ამ საკითხზე.
ამავე თემით დაინტერესდა კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე და განაცხადა, რომ „ამგვარი გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ბევრ მიღწევასა და მთავრობისადმი ნდობას“.
როგორც დავით ზალკალიანმა განმარტა, საქართველოს მთავრობის ინიციატივა მიმართულია მოსახლეობის მესამედის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ.
„საუბარია 600 ათასზე მეტ ადამიანზე. ეს ადამიანები ნამდვილად იტანჯებოდნენ „შავი სიაში“ ყოფნის გამო დაწესებული შეზღუდვებით. ეს იყო პრობლემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღის წესრიგში დააყენა არა ახლა, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, მიმდინარე წლის მაისში, როდესაც ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მაშინ ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხმამაღლა ისაუბრა ამ სერიოზულ პრობლემაზე. 600 ათასზე მეტ ადამიანს დაწესებული აქვს სერიოზული შეზღუდვები, ისინი ამის გამო საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად ვერ მონაწილეობენ. ეს არის სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა განვიხილოთ ეს გადაწყვეტილება არჩევნების კონტექსტში არის ის, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ საკითხზე საჯაროდ მიმდინარე წლის აგვისტოშიც ისაუბრა. ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ისაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც. მან აღნიშნა, რომ ამ პრობლემაზე რეაგირებას გეგმავდა, რათა ქვეყნის განვითარება უზრუნველეყო.
პრემიერ-მინისტრმა ივნისში, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას შემოდგომაზე გეგმავდა და სწორედ ამიტომ მოხდა ამ ინიციატივის ინიცირება ნოემბერში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ეს არ არის ბიუჯეტის ფული, ეს არის საქველმოქმედო ფონდის რესურსი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.