დავით ზალკალიანი - მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ კონფლიქტების გადაჭრას
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ კონფლიქტების გადაჭრას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, სესიაზე – „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“.
მინისტრმა სესიაზე ამ საკითხზე ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის და უფროსი მკვლევარის, სტივენ ბლოკმანსის კითხვას უპასუხა. ბლოკმანსმა მინისტრის ჰკითხა საქართველოს საბოლოო მიზნის, ევროკავშირის წევრობის შესახებ, თუ რამდენადაა საქართველოს მზად ამ ნაბიჯებისთვის იმ პირობებში, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ მიმდინარე გამოწვევებს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი არის ოკუპირებული, ფაქტობრივი ანექსიის, ოკუპაციის გაგრძელების ფონზე, ადამიანები, რა თქმა უნდა, იტანჯებიან ყოველდღიურად, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. ადამიანები დევნილები არიან საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან, ეთნიკური დისკრიმინაცია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენს პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ კონფლიქტების გადაჭრას, იგივე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებით და სხვადასხვა ფორმატით, რომლითაც ჩვენ გვსურს, ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციასთან, რა თქმა უნდა, იმ დიდი აქტორების ჩათვლით, როგორებიც არიან ევროკავშირის ქვეყნები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეს ჟენევის პროცესი გაცილებით უფრო ეფექტიან საშუალებად.
„ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და, რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები ჟენევის მოლაპარაკებებით, თუმცა 50-მდე რაუნდი შედგა ამ მოლაპარაკებების უკვე, მაგრამ ეს არის ერთადერთი იარაღი ჩვენს ხელთარსებული, რომ მოვიპოვოთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, კონსოლიდაცია და გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში იყოს ეს საკითხი, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიების ანექსია, მისი ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საკითხის გადაჭრაზე ის წარმოგვიდგენია ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ძალისხმევის ჭრილში, ასე გვინდა, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ასეთი პოლიტიკის გამოყენებით და რა საკვირველია, ვეცდებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ გამოწვევები, რომლებიც მოდის გარედან, რადგან ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ სტაბილურობა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი შეფასებით, სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.
„ჩვენ ვიცით, რომ პარტნიორობა არ არის გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო რამ, გავაძლიეროთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები და შევქმნათ მფეთქავი დემოკრატიული საზოგადოება, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, რათა მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი მხარე ოკუპაციის იქეთ მხარეს დარჩენილი ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი.
„მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკეთესი მომავლის შექმნისთვის, საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველანაირი პოზიტივი, სარგებელი, რომელიც შეიძლება, მივიღოთ თუნდაც მობილურობისგან, განათლების განვითარებით, ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობით და ასე შემდეგ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.