დავით ზალკალიანი - მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ყველამ უარი უნდა თქვას თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე, არ ღირს არც ერთი საპარლამენტო სკამი თუ თანამდებობა ქვეყნის ინტერესების ფასად
მე აბსოლუტურად ვიზიარებ დასავლელი პარტნიორების რჩევას და ხელს მოვაწერ თითოეულ ამ რჩევას, რომელიც გვესმის, ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან. ისინი არიან ჩვენი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე გარე გამოწვევების კუთხით.
„მხედველობაში მაქვს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია, ახალი გეოპოლიტიკური სურათი, რუსეთის გაზრდილი სამხედრო ყოფნა მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. თუ ისინი ადრე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოში, როგორც ოკუპანტი ძალა, შემდეგ გააჩნიათ სამხედრო ბაზა სომხეთში, აწ უკვე ისინი წარმოდგენილნი არიან აზერბაიჯანშიც ორი ათასი სამხედრო მოსამსახურით. ეს მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკურ სურათს და ჩვენ ამაზე უნდა გვქონდეს შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება, მათ შორის პრევენციის თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს კოორდინირებული ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფონზე ჩვენ დაკავებული ვართ უკვე უაზრო დისკუსიით და კამათით პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, რაც არის ელემენტარული ჭეშმარიტება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, მაშინ როდესაც ასეთი სერიოზული გამოწვევები გვაქვს დაკავშირებული პანდემიასთან, ეკონომიკის შემდგომ გახსნასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, ეკონომიკური კეთილდღეობა და გარე საფრთხეები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თუ საქართველო არ მოახდენს გარე საფრთხეების მინიმიზაციას, ქვეყანა ვერც ეკონომიკურად განვითარდება.
„სასაცილოა უკვე, ძალიან არასერიოზულად გამოვიყურებით ჩვენი პარტნიორების თვალში, მხედველობაში მაქვს ოპონენტების გაჯიუტება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე. დისკუსია სწორედ პარლამენტში უნდა გაგრძელდეს, იქ უნდა ვიდავოთ ყველა თემაზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობაზე, უსაფრთხოების თემებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე. მართლმსაჯულების რეფორმა ქუჩაში არ წყდება, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი. პარლამენტში უკვე შემუშავებულია კანონი, მაგრამ იმისთვის, რომ კენჭი ეყაროს, პარლამენტში შესვლაა საჭირო. ბარიერის ცვლილებაზეა იქ საუბარი, რაც ასევე მათთვის გადადგმული ნაბიჯია. ვის, თუ არა მათ და განსაკუთრებით პატარა პარტიებისთვისაა ეს. ბოლო არჩევნებზე სწორედ ამ პატარა პარტიებმა მიიღეს ხმები და ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამას არათუ ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, ჩვენი საზოგადოებაც უკვე ძალიან კარგად აცნობიერებს. მგონი, მივედით უკვე იმ წერტილამდე, როდესაც ყველამ უარი უნდა თქვას თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე. არ ღირს არც ერთი საპარლამენტო სკამი თუ თანამდებობა ქვეყნის ინტერესების ფასად. ყოველი დღე არის დაგვიანებული და თუ ჩვენ დავაგვიანებთ დავრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში დიდ გეოპოლიტიკურ სურათშიც, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაშიც, ჩვენი ეკონომიკის აღდგენაშიც და პანდემიასთან ბრძოლაშიც, რადგან ამას სჭირდება ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია, მათ შორის ამ პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.