დავით ზალკალიანი მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც მიუნხენში საქართველოს სათვისტომოს საბჭოს ხელმძღვანელი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, განხილული იქნა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები და ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დიასპორის წარმომადგენლებსა და საქართველოს საელჩოებს შორის ინტენსიური კომუნიკაციის არსებობის აუცილებლობას.
„მინისტრმა ასევე მიმოიხილა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც გასულ წელს მნიშვნელოვანი შედეგით – გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტით დაგვირგვინდა. დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტზე გერმანიაში, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას. მინისტრმა ისაუბრა თავშესაფრის მაძიებელთა სტატიის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა მოხდეს მსგავსი უკანონო ქმედებების პრევენცია და საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ სრულფასოვანი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის წესების შესახებ“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის შემცირებისკენ მიმართული მთავრობის ინიციატივები, მათ შორის ის საინფორმაციო კამპანია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს რეგიონებში ახორციელებს.
„მან ასევე ისაუბრა ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმატებულ თანამშრომლობაზე გერმანიის შესაბამის სამსახურებთან. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქართული დიასპორის აქტივობაზე გერმანიაში, მათ შორის ხაზი გაესვა საკვირაო სკოლების მნიშვნელობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმებზე და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოზე“,- განაცხადეს საგარეო უწყებაში.