დავით ზალკალიანი - მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი ადასტურებს, რომ ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობა.
„აღნიშნული ვიზიტი ნათელი დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისა. ამასთან, მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია. ვისაუბრეთ ეუთო-ს პრიორიტეტებსა და გეგმებზე სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ჭრილში. მივესალმებით მოქმედი თავმჯდომარის პრიორიტეტს, განსაკუთრებით ყურადღება დაუთმოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები, ვისაუბრეთ ამ რეგიონებში გაუარესებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანების უფლებების მუდმივ ხელყოფასა და შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ხაზი გავუსვით რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის უპირობო შესრულების აუცილებლობას. ასევე, აღვნიშნეთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა ომით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესრულების მიზნით.
ჩვენი მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ეუთო-ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება და ჩართულობა იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ასევე ხაზი გავუსვით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარის ძალისხმევასა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძიებისკენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს საოკუპაციო ხაზთან მივიდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან.