დავით ზალკალიანი - მინისტერიალზე ძალიან მკაფიოდ იყო ჩვენი პოზიცია გამოხატული, რომ საქართველო პრინციპული წინააღმდეგია რუსეთისთვის სანქციების მოხსნის
საქართველომ მომავალში აქტიურად უნდა გამოიყენოს ევროპის საბჭოს ფორმატი, რომელიც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განსახილველად, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქარველოს აქვს ძალიან თანმიმდევრული და მკაფიო პოზიცია, რაც არაერთხელ გამომჟღავნდა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე და მინისტერიალზე, ძალიან მკაფიოდ იყო საქართველოს პოზიცია გამოხატული, რომ საქართველო პრინციპული წინააღმდეგია რუსეთისთვის სანქციების მოხსნის და ეს პოზიცია ასევე ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან.
„ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ პრინციპული, ჩვენ ვართ თანმიმდევრული და მიგვაჩნია, რომ საქართველომ მომავალში აქტიურად უნდა გამოიყენოს ევროპის საბჭოს ფორმატი, რომელიც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განსახილველად, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ მკაფიოდ ერთმანეთისგან ევროპის საბჭოს ორი ფორმატი, ერთი გახლავთ აღმასრულებელი მიმართულება, ანუ მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების ფორმატი, სადაც საქართველო მუდმივად აყენებს საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიციები არის მკაფიოდ წარმოჩენილი მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების გადაწყვეტილების ფარგლებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საქართველო მიმდინარე წლის ნოემბრიდან ევროპის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა ხდება.
„მოგეხსენებათ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წელიწადში ორჯერ, კონსოლიდირებულ ანგარიშში ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და მიგვაჩნია რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უკეთ ინფორმირების კუთხით და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის თვალსაზრისით, ეს პლატფორმა არის ძალიან კარგი და ჩვენ მომავალშიც უნდა გამოვიყენოთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან ხდება ევროპის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა.
რაც შეეხება საპარლამენტო განზომილებას და საპარლამენტო ასამბლეას, ამ ფორმატში საქართველოს პარლამენტარების პოზიცია იყო ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში და არის თანმიმდევრული საქართველოს პოზიციასთან, რომელიც ასევე იყო გაჟღერებული მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე და მაისის თვეში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მიმდინარე წლის ივნისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა.
დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ. რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა.