დავით ზალკალიანი - მე რაც მევალება, მაქსიმალურს ვაკეთებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით
ადვილი არ არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში დებატების გამართვა საქართველოსთან მიმართებაში, სადაც რუსეთი, ყველაფერს აკეთებს, რომ მსგავსი ფორმატები არ გაიმართოს, მაგრამ ამას ვახერხებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან, სადაც სოფელ გუგუტიანთკართან განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით საგარეო უწყების რეაგირებაზე ისაუბრა და ამ საკითხზე მედიის კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, 7 აგვისტოს ღამით, როგორც კი, გუგუტიანთკართან მიმდინარე მოვლენების შესახებ გახდა ცნობილი, უწყებამ მეორე დღესვე შეატყობინა საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს.
„თქვენ ასე მარტივი გგონიათ უშიშროების საბჭოს ფორმატში დებატების გამართვა საქართველოსთან მიმართებაში, სადაც რუსეთი, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ფორმატები არ გაიმართოს?! ეს არ არის ადვილი და ამას ვახერხებთ. არამხოლოდ უშიშროების საბჭოს ფორმატში, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, რეზოლუციებთან მიმართებაში. მე რაც მევალება, მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ ინფორმირება მოვახდინო საერთაშორისო თანამეგობრობის, შესაბამისი გამოხმაურება მივიღოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, გაიგზავნა თუ არა შვეიცარიის საელჩოს დახმარებით საპეოტესტო ნოტა, ზალკალიანის თქმით, უწყება ყველა რესურსს იყენებს.
„ჩვენ ყველა რესურს ვიყენებთ და ბუნებრივია, მსგავსი შემთხვევები დროს ვრეაგირებთ შესაბამისად. დიახ, ჩვენ მუდმივად ვგზავნით ხოლმე მსგავსი სახის ნოტებს, სადაც თავს ვუყრით მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხრიდან უკანონო ნაბიჯებს“, – განაცხადა მედიასთან დავით ზალკალიანმა.