დავით ზალკალიანი - მაიკ პომპეოს წერილი არის იმ რეფორმების კიდევ ერთი დიდი აღიარება, რომელსაც ქვეყანა დემოკრატიზაციის კუთხით ახორციელებს
მაიკ პომპეოს წერილი არის იმ რეფორმების კიდევ ერთი დიდი აღიარება, რომელსაც ქვეყანა დემოკრატიზაციის კუთხით ახორციელებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იზიარებს საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩასატარებლად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.
„წერილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან მივიღე, არის იმ რეფორმების კიდევ ერთი დიდი აღიარება, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს დემოკრატიზაციის კუთხით. წერილში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იზიარებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მისგან მხარდაჭერა მივიღეთ, რომ ამ არჩევნებზე ამერიკელი დამკვირვებლები ჩართულნი იქნებიან ეუთო/ოდირის მთავარ სადამკვირვებლო მისიაში, სადაც გვეყოლება როგორც გრძელვადიანი 28 დამკვირვებელი, ისე 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
პანდემიის გამო, გარკვეულწილად შეფერხებულია „ენდიაისა“ და „აირაის“ ფიზიკური ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესში, მაგრამ ისინი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ. ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი მზაობა, რომ პანდემიის პირობებში მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, რათა შევუქმნათ ხელსაყრელი გარემო არჩევნებზე დასაკვირვებლად, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან აღიარებულია. ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგმება, რათა არჩევნები მაღალდემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.