დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მიწვევით ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათვე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24-26 ივლისს, ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მასპინძლობით რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი პირველი მინისტერიალი – „Ministerial to Advance Religious Freedom” – იმართება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
26 ივლისს, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მაღალი დონის პლენარულ შეხვედრას დაესწრება, რომელიც რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გლობალურ გამოწვევებს, რეაგირების ინოვაციურ მექანიზმებსა და სამომავლო ძალისხმევის კოორდინაციის საკითხებს დაეთმობა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საექსპერტო წრეებთან. შეხვედრისას განხილული იქნება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები.