დავით ზალკალიანი - მადლობას ვუხდით ესტონეთის პრეზიდენტს, რომ განსაკუთრებით მკაფიოდ გამოყო საქართველოს თემატიკა
დავით ზალკალიანი - მადლობას ვუხდით ესტონეთის პრეზიდენტს, რომ განსაკუთრებით მკაფიოდ გამოყო საქართველოს თემატიკა

საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რასაც ადასტურებს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მსჯელობა საქართველოს საკითხზეც იყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგშია ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგია.

„ეს არის შედეგი ჩვენი აქტიური მუშაობის, რომელიც გვაქვს არამარტო ევროპელ პარტნიორებთან, არამედ სტრატეგიულ მოკავშირეებთან. ჩვენი თხოვნააა მათდამი, საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ჩვენ მადლობას ვუხდით ესტონელ კოლეგებს, განსაკუთრებით პრეზიდენტს, რომ მან განსაკუთრებით მკაფიოდ გამოყო საქართველოს თემატიკა. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებები სხვა მაღალი დონის შეხვედრებზეც იქნება წამოწეული.

„ეს მიმართულება იქნება წამოწეული სხვა მაღალი დონის შეხვედრაზეც ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და რუსეთის ფედერაციას შორის დღის წესრიგში. ამ ორმხრივ ფორმატში გამოხატული პოზიცია ესტონეთისა და ევროკავშირის პოზიცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა განიხილეს საქართველოსთან მიმართებით, სადაც „კონფლიქტი, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გაყინულია“, ესტონეთის პრეზიდენტმა პასუხა: „სწორედ ეს განვიხილეთ. საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი“.