დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს თანამშრომლობას გაერო-ს ლტოლვილთა კომისრის ოფისთან, განსაკუთრებით კმაყოფილება გამოითქვა იმ პროგრამების მიმართ, რომელსაც მხარეები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში დევნილთა უფლებებისა და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

„უმაღლესმა კომისარმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მის ეფექტურ იმპლემენტაციაში მათ შორის უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა უმაღლეს კომისარს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ უმძიმეს გარემოზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე.

აღინიშნა უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.