დავით ზალკალიანი - ლიეტუვა ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი უერთგულესი მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, რაც, მინისტრის თქმით, არის ლიეტუვის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლის პირველი და მეორე ფაზის დროს ლიუტუვის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტიტეტის, ისევე როგორც ევროინტერგაციის მიმართულებით.
„დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ხელისუფლებას იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის ობიექტური ინფორმაცის მიწოდების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.