დავით ზალკალიანი - კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე შეტევა ლუგარის ლაბორატორიის პარალიზებას ისახავდა მიზნად
კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე შეტევა, რა თქმა უნდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას.
ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ უკანონო ქმედების ავტორები გამოავლინონ.
„რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის უკანონო ქმედება, რომელიც განხორციელდა ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის მიმართ. ეს არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდებოდა პანდემიის პირობებშიც კი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული ინსტიტუტის მიმართ. იცით თქვენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე იყო შეტევა და რა თქმა უნდა, გამიზნული იმისთვის, რომ მოეხდინათ პარალიზება ამ ინსტიტუტის, რადგან საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად ჩვენი საზოგადოების წარმატების პანდემიასთან ეფექტიანად გამკლავების თვალსაზრისით, ერთ-ერთი განმაპირობებელი ლუგარის ლაბორატორია გახლავთ. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ყველა ჩვენს პარტნიორთან. რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად გავუზიარებთ ინფორმაციას, არ მოგვერიდება სახელების დარქმევის, თუ საიდან განხორციელდა, ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოვლინდნენ ამ უკანონო ქმედების ავტორები და მათ ჰქონდეთ შესაბამისი მკაცრი შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ოპოზიციონერების განცხადებებსაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ უკანონო ქმედებასთან მიმართებით სათანადო რეაგირება ექნება.
„ჩვენ არა მხოლოდ მივმართავთ და მოვუწოდებთ თანამეგობრობას, არამედ მათთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია. სულ ცოტა ხნის წინ იყო თავდასხმა სხვადასხვა მედია საშუალებაზე, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტზე და მაშინ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სწორედ მათი მონაწილეობით, საგამოძიებო პროცესში იყვნენ ისინი აქტიურად ჩართული და გამოვლინდა ქვეყანაც და სტრუქტურაც, რუსეთი მაქვს მხედველობაში, საიდანაც მოხდა ეს კიბერთავდასხმა. მაშინ განცხადებაც გავავრცელეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. დასახელდა, საიდანაც იყო ეს თავდასხმა და ამავე დროს, ყველა პარტნიორთან ერთად ამ გამოწვევის წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ზომების მიღებას, მომავალშიც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, დაცული არავინ არის, ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნების მიმართ ხორციელდება კიბერშეტევა. ორი დღის წინ ნორვეგიის სამთავრობო სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა კიბერთავდასხმა, სულ ცოტა ხნის წინ ბუნდესტაგის, გერმანიის პარლამენტის სხვადასხვა კომპიუტერულ ქსელებში შეაღწიეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ჩვენზე სისტემურად ძლიერი ქვეყნებიც კი დაუცველები არიან. ამიტომ საქართველო ამ სიტუაციაში მიმართავს ყველა არსებულ მექანიზმს და ეს მექანიზმი არის მჭიდრო კოორდინაცია, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ ეფექტურად დავგეგმოთ პრევენციული ნაბიჯები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.