დავით ზალკალიანი - კონკრეტული პირების მიმართ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოება ამ ადამიანების ხარჯზეც მოხდეს
თუ კონკრეტულ პირებს ჩადენილი აქვთ დანაშაული და მათ მიმართ შესაბამისი მტკიცებულება იქნება, შესაძლოა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოება ამ ადამიანების ხარჯზეც მოხდეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„როდესაც პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით ეს სია იქნა მიღებული, იქ იყო კრიტერიუმები, თუ ვინ უნდა მოხვედრილიყო ამ სიაში. იყო საუბარი მსჯავრდებულ და ბრალდებულ პირებზე, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანაშაული აქვს ჩადენილი. პროკურატურის მხრიდან სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებიც ამ კრიტერიუმების ქვეშ იყვნენ და საფუძვლად სწორედ ეს არის აღებული. თუ კონკრეტულ პირებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, ისინი ბრალდებულად, ან მსჯავრდებულად ითვლებიან და მათ მიმართ შესაბამისი მტკიცებულება იქნება, შესაძლოა, სიის გაფართოება ამ ადამიანების ხარჯზეც მოხდეს. ეს ყველაფერი პროცესშია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, პარლამენტში პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების საფუძველი გახდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე, რომელიც გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში მოხვდა, იზიარებს თუ არა ის ოპონენტების პრეტენზიას, რომ შარშან, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის მხრიდან ეფექტურად არ არის გამოყენებული და იგეგმება თუ არა სიის გაფართოება.
ზალკალიანის თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული შედეგები დადო და ამ მიმართულებით უწყებას აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის სამწლიანი სტრატეგიის ნაწილია.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათი მდგომარეობა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, არამედ პრაქტიკული მიმართულებითაც იყოს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.