დავით ზალკალიანი - კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა, რაც ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, აშშ-ის კონგრესის ორპარტიული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს ითვალისწინებს.
„აშშ-ის კონგრესის კანონპროექტი პირველ რიგში, გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ხაზგასმაა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. აღნიშნული კანონპროექტი გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს. კერძოდ, კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით, სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე ავალებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე დეტალური ანგარიში წარმოადგინოს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესი სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, წარადგინოს ხუთ წლის ანგარიში რა მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოსთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე წარმოადგინოს ხუთწლიანი სტრატეგია, რაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.
„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რაზეც საუბარია კანონპროექტში. მოწოდებაა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის მიმართ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით. ეს დოკუმენტში უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ მომავალში შესაძლებლობა გვექნება ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები წარმოვადგინოთ. ამერიკა-საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში კონგრესმა პირველად დაამტკიცა ცალკე მდგომი დოკუმენტი. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვქონია, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის მხრიდან, მაგრამ ცალკე მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის ისტორიაში არ ყოფილა და ეს მართლაც უპრეცენდენტო მოვლენაა”, – განაცხადა ზალკალიანმა.
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა.