დავით ზალკალიანი - კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
მისივე თქმით, ვიზიტის უმთავრესი მიზანი ევროინტეგრაციის საკითხებზე სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა იყო.
„მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, დღეს ვიმყოფები აქ, ქალაქ კიევში, ჩემს მოლდოველ და უკრაინელ მეგობრებთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, კოლეგებს და განგვეხილა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.
ჩვენი ვიზიტის უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა იყო, რომელიც, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადია.
მემორანდუმის ხელმოწერა არის ლოგიკური გაგრძელება წლების განმავლობაში, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნების აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა, რამაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას საერთო მიზანი გვაერთიანებს და ეს ევროკავშირის წევრობაა. ჩვენს მისწრაფებას, რომ აღვადგინოთ ბუნებრივი ერთობა ევროპულ ოჯახთან, საერთო ევროპული ფასეულობები და ისტორიული კავშირები უდევს საფუძვლად.
ეს არის ჩვენი ქვეყნების სუვერენული არჩევანი და მას ვერაფერი შეცვლის. დღეს, მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატი, რათა საერთო ძალებით და ურთიერთდახმარებით განვაგრძოთ წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.
ამისთვის ბაზისი უკვე არსებობს – სამივე ქვეყანას გაფორმებული გვაქვს და ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებებს, რაც გვიხსნის რეალურ შესაძლებლობებს ევროკავშირთან მეტი ფუნქციური ინტეგრაციისთვის. ღრმად მწამს, რომ ერთად მეტის გაკეთება და მიღწევა შეგვიძლია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის განმარტებით, მემორანდუმის თანახმად, სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად იმუშავებენ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად.
„ამისთვის მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ევროკავშირის ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტი და მექანიზმი. იმ ნაბიჯებს შორის, რაზედაც უკვე ვმუშაობთ, არის ევროკომისიასთან ასოცირებული ტრიოს დიალოგის ჩამოყალიბება პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის რეალიზაციის საფუძველზე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მაქსიმალური ინტეგრაცია; ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და მექანიზმებში ჩართულობის, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობით და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება.
ამ მომენტიდან, ჩვენი სამინისტროები ერთობლივად განსაზღვრავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ როგორ ვაგრძელებთ მუშაობს დასახული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, ზალკალიანმა ისაუბრა გამოწვევებზეც, რომელიც რუსეთთან კონფლიქტსა და ოკუპაციას უკავშირდება.
„არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ გვაქვს სერიოზული გამოწვევებიც – ეს არის კონფლიქტი რუსეთთან და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რაც საფრთხეებისა და პროვოკაციების მუდმივი წყაროა. შესაბამისად, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტ ჩართულობას ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დასასრულს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელსა და მეგობარ მინისტრ კულებას გულთბილი მიღებისათვის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევის გაერთიანებით, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყნებს მეტ წარმატებას მოვუტანთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.