დავით ზალკალიანი - ხარვეზებზე საქართველოს ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს
ბრიუსელში გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, პოზიტიური შეფასებები, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ ყოფილა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა საქართველოს მისამართით, რასაც, მისივე თქმით, ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ნატო-ს სტანდარტებთან საქართველოს თავსებადობის შესახებ.
„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, ბუნებრივია, ეს ახალი არ არის. იგივე განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან იყო გაკეთებული, საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. პარლამენტის მხრიდანაც ითქვა, რომ ჩვენ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ ყველა რეკომენდაციას აუცილებლად გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნატო შტაბ-ბინაში დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით.