დავით ზალკალიანი - კენჭისყრაზე საქართველოს თაობაზე დეკლარაციას სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა არ დაუჭირეს მხარი
ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხდება საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციის მიწოდება, კენჭისყრაზე საქართველოს თაობაზე დეკლარაციას სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა არ დაუჭირეს მხარი, – როგორც საქართველოს პირველი არხი მიუნხენიდან იუწყება, აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თაობაზე დეკლარაციის ჩაგდებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, დეკლარაციის ჩაგდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს.
„ვწუხვარ, რომ ეს განცხადება ვერ იქნება მიღებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის, როგორც მანამდე, ვიყავით მოწადინებული, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განცხადება ყოფილიყო მიღებული ამ საპარლამენტო ფორმატში. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით ევროპარლამენტის მხრიდან თანათავმჯდომარესთან და აქაც საზოგადოებას მინდა, ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხდება საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციის მიწოდება და შეჰყავთ შეცდომაში. ეს არ არის ისე, რომ „ქართული ოცნების“ ან ხელისუფლების მიერ წარდგენილი განცხადება ჩავარდა. ეს იყო განცხადება, პროექტი, რომელიც წარმოადგინა თანათავმჯდომარემ ევროპარლამენტის მხრიდან, რომელზეც იყო ჩვენი შენიშვნები მიღებული და გათვალისწინებული, ხოლო შემდეგ, როდესაც გამოვიდა ამ ფორმატში სამსჯელოდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდა მათთვის მნიშვნელოვანი ელემენტების დამატებითი მოთხოვნები, რაზეც წავიდა მწვავე დისკუსია. შემდგომ, როდესაც დადგა კენჭისყრაზე, მას მხარი არ დაუჭირეს სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა, ვინც მათ მხარს უჭერს. ეს არის სიმართლე და არის ის, რის წარმოჩენასაც ცდილობენ, თითქოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა. ეს არაფერზე არ იმოქმედებს გარწმუნებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, 2013 წელსაც იყო მსგავსი პრეცედენტი, თუმცა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკა არ შენელებულა.
„კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ითქვა, რომ პირველად მოხდა ასეთი ფაქტი. პირველად არ მომხდარა, 2013 წელსაც იყო იგივე პრეცედენტი და 2013 წლის შემდგომ როგორ განვითარდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი; იგივე სავიზო ლიბერალიზაციის მიღების თვალსაზრისით, ასოცირების გაფართოების კუთხით, იგივე ახალი ფორმატების დაფუძნების კუთხით, დინამიკა, ევროკავშირთან ურთიერთობა არ შენელებულა 2013 წელს. გახსოვთ თქვენ, მაშინაც ოპონენტები როგორ ეწინააღმდეგებოდნენ მსგავს ფორმატებში სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას.
ამიტომ, აქაც საჭიროა საზოგადოებასთან ზუსტი, მყარი კომუნიკაცია, რომ საზოგადოებას არ შეექმნას მცდარი წარმოდგენა. ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ფორმატი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად, საქართველო-ევროპის საბჭოს ასოცირების ფორმატში, (უახლოესი შეხვედრა იგეგმება ბრიუსელში, სადაც პრემიერ-მინისტრი წარდგება მთავრობის შემადგენლობასთან ერთად), გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.