დავით ზალკალიანი კანადურ მხარეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, კანადურ მხარეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„კანადის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და იქ არის საუბარი იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კანადის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არის მოწოდება, რომ ქვეყნის მთავრობამ კიდევ უფრო თანმიმდევრული და მტკიცე მხარდამჭერი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა რეზოლუციაში „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე“ კანადური მხარის მიერ ყურადღების გამახვილებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის გარკვეული მიბმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან და იმ სანქციების გამოყენებასთან, რომელიც კანადას აქვს დაწესებული სხვადასხვა მიმართულებით, კანადის პარლამენტის შესაბამისი კანონის გამოყენებით. ვფიქრობ, მომავალში ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააღრმავებენ საქართველოსთან თანამშრომლობას ყველა ძირითად მიმართულებაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რეზოლუცია დაამტკიცა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დოკუმენტის სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც თავდაცვის კომიტეტი კანადის აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ: ხელი შეუწყოს და წაახალისოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან; გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის“ კანონით დაწესებული სანქციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში ბრალდებულ პირთა მიმართ (რაც, თავის მხრივ, ეხმიანება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას); დაიწყოს საქართველოსთან და მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა; რუსეთის მიერ ვითარების ესკალაციის საპასუხოდ, ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობის გაზრდას; მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებებს, გახდნენ ნატოს წევრები; მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში.