დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მაღალი შეფასება დაიმსახურა, მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში შეფასდა უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი
უნდა აღინიშნოს ასევე ვიზიტის მეორე ნაწილი, რაც დაკავშირებული იყო ყირიმის პლატფორმასთან. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების ინიციატივით და რომელში მონაწილეობაც მიიღეს 46 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა, პრეზიდენტებმა, პრემიერებმა,საგარეო საქმეთა მინისტრებმა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამ პლატფორმის სესიაზე იყო ძალიან მკაფიო.
„ზუსტი გზავნილები იყო გაჟღერებული, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო გამოწვევებთან, ოკუპაციასთან და ასევე გამოითქვა პოზიცია ჩვენი მხრიდან, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება და არსებული ფორმატების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება იმისთვის, რომ დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის დარღვევის ფაქტები იყოს დაუყოვნებლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი რეაგირების ქვეშ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ ყირიმის პლატფორმას და სხვა საერთაშორისო ფორმატებს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში იყო შეფასებული უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი“, – განაცხადა ზალკალიანმა.