დავით ზალკალიანი - ილია დარჩიაშვილისა და ჯონ ბასის შეხვედრაზე გამოითქვა სინანული, რომ დღევანდელი სიტუაცია არ შეეფერება იმ მდგომარეობას, რასაც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა იმსახურებს
ვფიქრობ, დროული, ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ენტონი ბლინკენის მოადგილეს, ჯონ ბასს შორის, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის ყველა მიმართულებაზე, რაც აქტუალურია დღეს შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე გამოხატული იყო სინანული, რომ დღეს არსებული ორმხრივი სიტუაცია სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ შეეფერება იმ მდგომარეობას, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა.
„შეხვედრაზე დეტალურად იყო საუბარი იმ გზებსა და ნაბიჯებზე, რა უნდა იყოს გადადგმული, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. საქართველოს მხრიდან იყო გამოთქმული იმედი და ნება იმისა, რომ საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, თანამშრომლობის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი 32 წლის წინ ჩაეყარა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლიდან, და შემდგომ არსებული ურთიერთობის პრაქტიკა, ნამდვილად არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მე შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდება“, – განაცხადა ელჩმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ერთგული დემოკრატიული რეფორმების.
„ყველა ჩატარებული არჩევნები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიც ჩატარდება შესაბამისობაში საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი იმ გეოპოლიტიკურ გარემოზე, რომელიც არის რეგიონში შექმნილი. საქართველო რომ ამერიკის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და დაგვიმტკიცებია ჩვენი ქმედებით და ჩვენი თანამშრომლობით სტრატეგიულ პარტნიორთან. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი, ორივე ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს თანამშრომლობა იყოს თანხვედრაში და ახლო კოორდინაციაში. ამიტომ მე დღევანდელი შეხვედრა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. აუცილებელია, რომ კონტაქტები გაგრძელდეს. მინდა, გითხრათ, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ბოლო პერიოდში კონტაქტები მუდმივად არსებობდა. მე, როგორც საქართველოს ელჩი, ვიყავი მუდმივ კავშირზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე, აქტიურად საქმიანობს აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომლის საქმიანობა უაღრესად პოზიტიური და კონსტრუქციულია. ის, ისევე როგორც მე, ძალიან მოწოდებული ვართ, რომ არსებული მდგომარეობა იყოს დაძლეული. ჩვენი თანამშრომლობა და ის ურთიერთობები, რომლებიც დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ჩამოყალიბდა, არ იმსახურებს დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ არათუ უნდა დავბრუნდეთ ბოლო ნიშნულზე, სადაც ვიყავით, არამედ, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ეს პარტნიორობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.