დავით ზალკალიანი - გვაქვს სერიოზული გამოწვევები როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური კუთხით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის აშშ-ს ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში
ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური კუთხით, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის აშშ-ს ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.
„ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ დიდი როლი ენიჭება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მიმდინარე წელს უმაღლესი დონის შეხვედრები იყო და ერთ-ერთი ასეთი გადამწყვეტი შეხვედრა იყო ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერსა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეკ სალივანთან. ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა იყო უაღრესად ფასეული, საჭირო და ძალიან დროული და ეს თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ რომ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა 2024 წელს.
ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში. ჩვენი თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის და ყოველ წელს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მყარდება და ძლიერდება. ჩვენ ვასრულებთ უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას რეგიონში ყველა იმ საკითხში, სადაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ინტერესი. მინდა განსაკუთრებით გამოვყო სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლი და პრემიერის აქტიური მედიაცია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობის დამყარების საქმეში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან აფასებენ ამას ისე, როგორც ყველა ჩვენს ჩართულობას სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, რომელიც ადრე დაკავშირებული იყო ავღანეთთან, რომელიც არის დაკავშირებული დღეს თანამშრომლობასთან საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი გამორჩეული იქნება ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო და აქტიური კონტაქტები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან
მინდა, ასევე ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩემი ამერიკელი კოლეგის, აშშ-ს ახალი ელჩის მიმართ, რომელმაც ახალი იმპულსი და ახალი დამატებითი პოზიტიური ნიშნები შემოიტანა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობაში. ჩემი მხრივ, მეც მოგეხსენებათ, რომ გასული წლის განმავლობაში სწორედ ამ თვალსაზრისით ვსაქმიანობდი როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ისე კონგრესთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადასულიყო და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელსაც იქნება შეუქცევადი“, – განაცხადა ზალკალიანმა.