დავით ზალკალიანი - გვაქვს დაპირება, რომ საქართველო მუდმივად იქნება აშშ-ს დღის წესრიგში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხის განხილვის დროს
გვაქვს დაპირება, რომ საქართველო მუდმივად იქნება აშშ-ს დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხის განხილვის დროს, ასევე მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახალ მოადგილესთან, დევიდ ჰეილისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დევიდ ჰეილისთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო, ამერიკელ პარტნიორებთან დეტალურად განეხილათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება.
ამასთან, როგორ ზალკალიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო რეგიონში შექმნილ სიტუაციას, იმ გამოწვევებს, რომლებიც საერთოა სტრატეგიული პარტნიორებისთვის – როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის.
„ვისაუბრეთ ძალიან ინტენსიურ თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე აღინიშნა, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მცდელობები, რათა ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს თანხვედრაში პოლიტიკური ურთიერთობების ძირითად მიმართულებებთან. იყო საუბარი, რომ აუცილებელია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აშშ-ს მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა იმ სამშვიდობო ინიციატივებში, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.