დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება, დიდწილად სახელმწიფოს ეფექტიანმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა
გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის დაწყებისთანავე საქართველოს სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურასთან კოორდინირებულად, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აამოქმედა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამ მიმართულებით უწყების რეაგირებასა და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ყველაფერი გაკეთდა ადგილზე ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.
„როგორც ცნობილია, ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი შეჩერებულია, რაც დიდწილად განაპირობა სწორედ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა ეფექტურმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ადგილზე ვითარების მიმდინარეობას, კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ გუგუტიანთკარში, რათა საკუთარი თვალით ენახათ საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შედეგები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში.
„მოისმინეთ ის განცხადებები, რაც დიპლომატების მხრიდან გაკეთდა ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესთან დაკავშირებით. საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა შეფასებები და პრინციპული პოზიცია არის დიპლომატიური ზეწოლის მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეჩერებისა და პრევენციის პროცესში.
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სხვა სტრუქტურებთან კოორდინაციით, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე აამოქმედა ყველა დიპლომატიური ბერკეტი და დაუყოვნებლივ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, სამინისტრომ 7 აგვისტოსვე გააკეთა განცხადება და ოფიციალური კომენტარი, გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი; შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, 8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენა, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მკაცრი შეფასებები მისცეს საოკუპაციო ხაზზე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს და მის მძიმე შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებები; რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის პერიოდში არაერთი პარტნიორი სახელმწიფო გამოეხმაურა ადგილზე რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს, მათ შორის: ევროკავშირი, ნორვეგია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ესტონეთი, უკრაინა და სხვა ევროპული სახელმწიფოები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად განხორციელდა.
„გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და კომენტარი და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. გუშინვე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.
საერთაშორისო პარტნიორებმა ევროკავშირმა, აშშ-მა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, ესტონეთმა, უკრაინამ, იაპონიამ, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ – სლოვაკეთმა და ევროპარლამენტარებმა მკაცრად დაგმეს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, უწყება კვალავაც განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას და მუდმივ კონტაქტზეა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან; ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
„რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან; საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება“, – განაცხადა ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა.