დავით ზალკალიანი - გერმანიის კანცლერის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ველოდებით
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, ქვეყნის გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ გერმანიის კანცლერის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდება.
„23 აგვისტოს საქართველოს გერმანიის კანცლერი ეწვევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიის კანცლერის ბოლო ვიზიტი საქართველოში 10 წლის წინ განხორციელდა და ასევე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა და მისი კანცლერი სტუმრობს საქართველოს. ასევე, ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება გერმანიის კანცლერის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების ყველა აქტუალურ საკითხს განიხილავენ.
„ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რომელიც აქტუალურია საქართველო- გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზებზე, გერმანიასთან და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ხაზგასმული იქნება ეკონომიკური საკითხებიც. ასევე, გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელშიც გერმანიის მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.