დავით ზალკალიანი - გამიჭირდება, გითხრათ, რა დროში დასრულდება საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მაგრამ პირობას გაძლევთ, ახალი კომისიის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ
საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია თუ არ არის, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის იგივე ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის. ეს თემა ესმის ოკუპანტსაც და მას აქვს სხვადასხვა ბერკეტი, რათა პროცესი წინ არ წავიდეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ არ მივცეთ მათ საშუალება, ამ პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაუჭირდება თქმა, თუ რა დროში დასრულდება საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი კომისიის ფარგლებში და ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა პროცესი წინ წავიდეს.
„ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, რა დროში და რა პერიოდში დასრულდება. 26-ე წელია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტა. ორივე მიმართულებით, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთან 66 პროცენტი შეთანხმებულია. დარჩენილია დანარჩენი, მათ შორის დავით გარეჯი, რომელიც ურთულესი, ყველაზე სენსიტიური და მწვავე თემაა. მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი კომისიის ფარგლებში, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს.
იცით თქვენ, ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უამრავი ვარიანტის დამუშავება მიმდინარეობს, გვაქვს იდეაში. რა თქმა უნდა, კიდევ არის სხვა გამოსავალი, წახვიდე და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წაიღო ეს თემა. ესეც არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდეს და ეს არ გახდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საგანი. გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ, ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, დროის რა პერიოდში მოხდება ეს, მაგრამ პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.