დავით ზალკალიანი - გაერო-ს რეზოლუციაზე მხარდაჭერით, ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ ვითარებაში ვართ უკრაინის გვერდით და ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე
ჩვენ არამხოლოდ შევუერთდით, არამედ დავასპონსორეთ გაერო-ში რეზოლუცია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანი განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც თავდაპირველად ეს რეზოლუცია დაასპონსორა, რათა მიღებული ყოფილიყო უშიშროების საბჭოზე.
„ვიცოდით რა, რუსეთის ფედერაცია ამას ვეტოს დაადებდა, როგორი მწვავე რეაქცია ექნებოდა რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ ვითარებაში ვართ უკრაინის გვერდით, ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე და ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ ამით. მას შემდეგ, რაც მას რუსეთმა ვეტო დაადო, მოგეხსენებათ, გადმოვიდა უკვე განსახილველად გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩვენ აქაც ვიყავით თანმიმდევრული ჩვენი პოზიციის მიმართ, იგივე უკრაინის მხარდაჭერის მიმართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მართალია, 141 ქვეყანამ დაუჭირა მხარი მთლიანად, მაგრამ საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც დაასპონსორა ეს რეზოლუცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანამონაწილე ვართ, აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ რეზოლუციის პათოსს, შინაარსს და სულისკვეთებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.
გაერო-მ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.