დავით ზალკალიანი - გაერო-ს რეზოლუცია არის ჩვენი დიპლომატიის კიდევ ერთი გამარჯვება და პასუხი უსაფუძვლო კრიტიკაზე, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან
გაერო-ს რეზოლუციაც არის ჩვენი დიპლომატიის კიდევ ერთი გამარჯვება და პასუხი ოპონენტების აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკაზე, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციის მხარდასაჭერად თითოეულ ხმას ოქროს ფასი აქვს.
„მერწმუნეთ, თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი. ხმების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება, შარშანდელთან შედარებითაც გაიზარდა (80 ქვეყნის მხარდაჭერა და 57 თანასპონსორი), რაც ჩვენი დიპლომატიური სამსახურისა და მისიების მხრიდან ყოველდღიურ, კოლოსალურ შრომას მოითხოვს.
იმ პირობებში, როდესაც რუსეთს უშიშროების საბჭოს ფორმატი დაბლოკილი აქვს საქართველოს საკითხის განხილვისთვის, ჩვენ მაინც ვახერხებთ უშიშროების საბჭოს ფორმატში ჩვენი საკითხების აქტუალიზაციას, გენერალური ასამბლეის ფორმატიც მაქსიმალურადაა გამოყენებული. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან მიმართებით, რომელიც შექმნილია, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია განდევნილი საკუთარი სახლიდან.
ზეწოლა იქნება მუდმივი. მომავალ წელსაც გვექნება ეს რეზოლუცია. ჩვენ ყოველწლიურად ვაწყდებით გაასმაგებულ წინააღმდეგობას ყველა ქვეყანაში, ჩვენ კი ჩვენი რესურსის ფარგლებში ყველა ქვეყანაში არ გვაქვს საელჩოები, ხოლო ასეთი გეოგრაფია გვაქვს მხარდაჭერის, ეს ძალიან სერიოზული სამუშაოა და ყველა დამერწმუნება, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური 24-საათიან რეჟიმში მოწოდებულია, რომ ჩვენი საკითხი ისეთი მაღალი დონის ფორმატში, როგორიც არის გენერალური ასამბლეა, მუდმივად იყოს აქტიური“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ.