დავით ზალკალიანი - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევდა პოზიცია, რომ კაცობრიობის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით
მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის მთელ გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევდა პოზიცია, რომ კაცობრიობის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა, მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და შეეხებოდა ყველა საკითხს, რომელიც აქტუალურია როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოსთვის.
„ის თავის გამოსვლაში შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც აქტუალურია როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოსთვის. შესაბამისად, პირველ ყოვლისა, მან ისაუბრა საერთო გამოწვევებზე, კორონავირუსის პანდემიაზე, მასთან ბრძოლაზე და ამ მხრივ საქართველოს გამოცდილებაზე.
გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან საუბარი შეეხო რუსეთის უკანონო ქმედებებს, მის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, დეზინფორმაციულ კამპანიას და კიბერშეტევის განხორციელებას.
პრემიერ-მინისტრი ს გამოსვლაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში კონსტრუქციული პოზიციების დაკავების აუცილებლობას, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი ძალისხმევის გამოჩენისკენ მოუწოდა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებზე.
„პრემიერმა გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართა ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, რომ საქართველოს სურს და საქართველოს შეუძლია, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთის და მონაპოვრის გაზიარება, როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე – ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შეთანხმების, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის გაზიარება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
„ამ კონტექსტში აღინიშნა ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებაში. გამოსვლაში ასევე საუბარია ქვეყნის დემოკრატიზაციაზე, მათ შორის განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მომავალ არჩევნებზე, რომელმაც უნდა ჩაიაროს თავისუფალ, მიუკერძოებულ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრება იქნება უზრუნველყოფილი. საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება.
პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მის მიმზიდველობაზე, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივით, ისე – საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ როლზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც ქვეყანას სძენს სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას“, – განაცხადა ზალკალიანმა.