დავით ზალკალიანი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ჩემი გამოსვლა მაქსიმალურად იყო ფოკუსირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა.
დავით ზალკალიანის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს, მაქსიმალურად იყო ფოკუსირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობის მიმართულებით.
„ჩემი გამოსვლა იყო მაქსიმალურად ფოკუსირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან, იქ არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მოპყრობის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ მე ვისაუბრე ასევე იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მკვლელობების კონკრეტული, ოთხივე შემთხვევა იყო მკაფიოდ გაჟღერებული და მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ არ დახუჭონ თვალი ამ უკანონობაზე, რადგანაც ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ის, რომ დღევანდელი მსოფლიო არის შესული ასეთ კრიზისში, არის იმის ბრალი, რომ რამოდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის, ერთი განსაკუთრებულად, რუსეთის ფედერაცია, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებას“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, ზალკალიანის განმარტებით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას სირიასა და ვენესუელაში არსებულ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.
„გამოსვლაში ასევე ვისაუბრე იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი სირიასა და ვენესუელაში. სწორედ მსგავსი საკითხების ხმამაღლა გაჟღერება, ამ თემების აქტუალიზაცია და საერთაშორისო თანმეგობრობის ერთიანი პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი, რათა მსოფლიო გაუმკლავდეს იმ გამოწვევას, რაც არის დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.