დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა, სადაც ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს.
მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივით დაგეგმილ მაღალი დონის პანელზე სახელწოდებით – Good Human Rights Stories about Women Empowerment and Gender Equality. საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 15 სახელმწიფოს შორის, რომელიც ევროკავშირმა, გაერო-სთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებში შეიყვანა.
ღონისძიების მონაწილეებს დავით ზალკალიანთან ერთად სიტყვით მიმართავენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში ემონ გილმორი, ნორვეგიის, ინდონეზიის, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა.
ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან – გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერესთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორ ფრენსის გარისთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტ ელიზაბეთ ტიჩი-ფისლბერგერთან.
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკკა ჰაავისტოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ენ ლინდეს და მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს.