დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 25-26 თებერვალს ჟენევას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის შეხვედრაზე ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.
„ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან; გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან; გაეროს ჟენევის ოფისის ხელმძღვანელთან; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან და ასევე მაღალი დონის სეგმენტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.