დავით ზალკალიანი - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს არანაირი ინიციატივა არ ჩამოაქვს საქართველოში, ეს მხოლოდ სპეკულაციაა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს არანაირი ინიციატივა არ ჩამოაქვს, ეს მხოლოდ სპეკულაციაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.
კითხვაზე, თუ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, უკრაინის მსგავსად, შესაძლოა, საქართველოსთვის განკუთვნილი ფორმულით ჩამოვიდეს, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ შტაინმაიერის ვიზიტს ადასტურებს.
„რაც შეეხება ინიციატივას, არანაირი ინიციატივა მას არ ჩამოაქვს საქართველოში. შტაინმაიერის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დროს და მაშინ უკვე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საპასუხო ვიზიტით შტაინმაიერი საქართველოს ეწვეოდა. იცით, რომ ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს ერთი წლის წინ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ არანაირი ინიციატივით ის არ ჩამოდის. არანაირი წინადადებები მას არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით. ეს მხოლოდ სპეკულაციებია. შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, იცით, რომ მის მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილეს, რაც არის დაკავშირებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად საქართველოს 6 ოქტომბერს ესტუმრება.