დავით ზალკალიანი - ფასდაუდებელი იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ონლაინსამედიცინო პლატფორმა, რომლის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეები კონსულტაციებს პირდაპირ რეჟიმში იღებდნენ
დავით ზალკალიანი - ფასდაუდებელი იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ონლაინსამედიცინო პლატფორმა, რომლის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეები კონსულტაციებს პირდაპირ რეჟიმში იღებდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პანდემიის პირობებში თანამშრომლობისთვის დაავადებთა კონტროლის ცენტრს მადლობა უხდის.

ამასთან, მინისტრმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე ჯანდაცვის უწყებასთან ეფექტიან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

„ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ასევე მინდა, ჩვენი მადლიერება გამოვხატო დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმართ, რომლის სპეციალისტები მუდმივად იყვნენ ჩვენთან კომუნიკაციაში და კონტაქტზე, მათი ონლაინსამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებდნენ ექიმი ინფექციონისტებისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაციებს, იყო მართლაც ფასდაუდებელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან ბევრი თანამოქალაქის მადლიერი გამოხმაურება დაფიქსირდა.

„გარდა ამისა, ჩვენ მათ ვუწევდით ადგილზე კონსულტაციებს, რაც გამოიხატებოდა შუამდგომლობაში ადგილობრივ უწყებებთან, საემიგრაციო, სავიზო სამსახურებთან, დამსაქმებლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, ასევე უფასო საკონსულო მომსახურება და სადაზღვევო პოლისების ვადების გაგრძელება და ა.შ,“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს, ასევე ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს 65 წელს და ზემოთ, სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს.

„დღეის მონაცემებით, ჯამში ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ ჩვენს 19 417 მოქალაქეს. განსაკუთრებით ვიზრუნეთ სტუდენტებზე, რომელთა დიდი ნაწილი, პანდემიის პირობებში, საცხოვრებლის და სტიპენდიის გარეშე დარჩა. ამ ეტაპზე სამშობლოში დავაბრუნეთ 682 სტუდენტი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამ მხრივ მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„მინდა, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოვყო, ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ამ მიმართულებით და პრემიერის უშუალო ჩართულობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სტუდენტების დაბრუნების პროცესი და სპეციალური რეისების ორგანიზება, რომ მათი დროული დაბრუნება მომხდარიყო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.