დავით ზალკალიანი - ევროპისკენ სვლის პროცესი ჩვენს ქვეყანას ხდის მდგრადს, რათა გაუმკლავდეს ოკუპაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს
ევროპისკენ სვლის პროცესი ჩვენს ქვეყანას ხდის მდგრადს, რათა გაუმკლავდეს ოკუპაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება დეოკუპაციაა.
„ოკუპაცია და ის საფრთხეები, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოდის ჩვენს უსაფრთხოებასთან მიმართებაში, არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ამიტომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება არის დეოკუპაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, დაგვეხმარონ ჩვენ სწორედ ამ საფრთხეების მინიმიზაციაში, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა. სტაბილურობის გარეშე არ არის განვითარება, არ იქნება კეთილდღეობა. ამიტომ ჩვენი, როგორც საგარეო გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელიც ქვეყანას ემუქრება.
დღეს რომ მთელი მსოფლიო ასეთ სერიოზული უსაფრთხოების პრობლემებს და გამოწვევებს აწყდება, არის სწორედ შედეგი იმ შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მთლიანად, იმ გეოპოლიტიკური გარემოს მიმართ, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და განვითარება. მიუხედავად ამისა, ეს არ იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი“, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზებით რუსეთს უფრო და უფრო მეტი დისკომფორტი შეექმნება და იძულებული იქნება, ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება შეასრულოს.
„მერწმუნეთ, ყველა ჩვენ ხელთ არსებული პოლიტიკით, იგივე სამშვიდობო გეგმით, იგივე „ნაბიჯით უკეთესი მომავლისთვის“, ჩვენ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ თანამოქალაქეებს ვთავაზობთ მშვიდობიან განვითარებას, ვთავაზობთ იმ სიკეთეების გაზიარებას, რაც გვაქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე: თავისუფალი გადაადგილება, მათთვის საუკეთესო, დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეებში ჩართვა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გამოყენება ჩვენთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ისეთი ქვეყნის აშენება, რომელიც მიმზიდველი იქნება მათთვის, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ეროვნული უმცირესობის უფლებები.
დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ყველა საერთაშორისო ფორუმზე ჩვენი საკითხის აქტუალიზაციით, რუსეთს რაც შეიძლება მეტ დისკომფორტს შევუქმნით, რათა მან იგრძნოს თავი ვალდებულად, შეასრულოს ის ის ფუნდამენტი, რაზეც არის დაფუძნებული იგივე ჟენევის მოლაპარაკების პროცესი, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტა და შეასრულოს ყველა ვალდებულება, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. მეც და ყველა ჩემს კოლეგას ძალიან უნდა, რომ ეს შედეგი დღესვე დადგეს, დღესვე მოხდეს დეოკუპაცია და ქვეყანა გაერთიანდეს, მაგრამ მერწმუნეთ, საქართველო მარტო ამას ვერ მიაღწევს, ამიტომ გვჭირდება თანმიმდევრულად გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ. ევროპისკენ ჩვენი სვლის პროცესი ხდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს, მდგრადს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ოკუპაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.