დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის უფროს მრჩეველს, ფიონა ჰილს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა ამ მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერა და ის რეფორმები და საქმიანობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს იმსახურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის უაღრესად მაღალ შეფასებას,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ამ კუთხით.
გარდა ამისა, დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული.
დავით ზალკალიანი 2019 წლის 3-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობდა და შეხვედრები გამართა აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ გამართულ ღონისძიებაში.